ისტორიები მოლდოვიდან
სასკოლო განათლება ამ დრომდე დისტანციურია მოლდოვაში. Covid 19-ის გამო 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში პანდემია გამოცხადდა და სკოლები დაიხურა. ინტერნეტისა და მოწყობილობების არქონის გამო მოსწავლეების ნაწილი განათლების სისტემის მიღმა აღმოჩნდა. სიტუაცია განსაკუთრებულად რთულია მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. ასეთ ოჯახებში, ხშირ შემთხვევაში, ონლაინ სწავლებაში მონაწილეობისთვის მოსწავლეებს არც სამეცადინო სივრცე აქვთ და არც საჭირო მოწყობილობები. რა გამოწვევების წინაშე არიან დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეები მოლდოვაში, ნახეთ პროექტის ამ ნაწილში.
ბავშვები პანდემიის პირისპირ კიშინოვში, მოლდოვაში
ბოტეზატუების ოჯახში შვიდი ბავშვი ცხოვრობს. ყველა მათგანი გაკვეთილებს დისტანციურად ესწრება, თუმცა, სულ ერთი ლეპტოპი, ერთი კომპიუტერი და ერთიც გატეხილი ტელეფონი აქვთ. საგაკვეთილო სივრცე სამზარეულოა.გარდა იმისა, რომ ბავშვები საკმარისი ტექნოლოგიების არარსებობის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან,მთელი დღის განმავლობაში მშობლების მეთვალყურეობის გარეშე უწევთ ყოფნა. მშობლები
მუშაობენ, თუმცა, საკმარისი თანხა მაინც არ აქვთ, რომ ყველა შვილს მოწყობილობები შეუძინონ.
ბავშვების მამამ, ევგენი ბოტეზატუმ, დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა წერილობით თუ სატელეფონო ზარებით სკოლის ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ.
ბოტეზატუების 9-სულიანი ოჯახი კიშინიოვის სამხრეთ ნაწილში, 60 კვადრატულ მეტრ ბინაში ცხოვრობს.
ბავშვები პანდემიის პირისპირ როსკანიდან, მოლდოვიდან
ნატალია ბირკა მარტოხელა დედაა და ნაქირავებ ორ ოთახში ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი მათგანი, გოგონები, სკოლაში დადიან, ბიჭები კი – საბავშვო ბაღში. გაკვეთილებზე დასასწრებად მხოლოდ ერთი დამსხვრეულეკრანიანი მობილური ტელეფონი აქვთ. ინტერნეტის საფასური მათთვის წარმოუდგენლად მაღალია, დაახლოებით, 50 ევრო ერთთვიანი პაკეტი.
ნატალიამ დახმარების თხოვნით მერიასაც მიმართა და სკოლასაც, რასაც ამდრომდე არავინ გამოხმაურებია.
ბავშვები პანდემიის პირისპირ კოციერის სოფლიდან, კონფლიქტის ზონა
პინტაკების ოჯახი, ოთხ ბავშვთან ერთად, კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. დედა, ტატიანა პინტაკი სკოლის პედაგოგია, მამა კი – ადგილობრივი მღვდელი.
ბავშვებს სკოლამ სამი მობილური ტელეფონი და ერთი ტაბლეტი გადასცა. ონლაინ სწავლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის
განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ციფრული გამოცდილება. ამიტომაც მუდმივად სჭირდებოდათ მშობლების დახმარება და საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, რაც მოსწავლეებისთვისაც და მათი მშობლებისთვისაც დიდი დისკომფორტია.