ისტორიები საქართველოდან
პანდემიის დროს, საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად გაგრძელება, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად საქართველოშიც უალტერნატივო საშუალება გახდა. ონლაინ სწავლების მთავარი გამოწვევა: მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის ინტერნეტთან და კომპიუტერიულ ტექნიკასთან თუ სმარტფონებთან ხელმისაწვდომობა იყო.
50 000-ზე მეტი მოსწავლე საერთოდ არ დარეგისტრირებულა Microsoft Teams პორტალზე, რისი მიზეზიც კომპლექსური იყო და სამ ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა: არ იცოდნენ პორტალის გამოყენება, არ ჰქონდათ ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები. Microsoft Teams საქართველოს განათლების სამინისტრომ კი დისტანციური სწავლების მთავარ პლატფორმად გამოაცხადა.
პროექტის ამ ნაწილში, ქართველ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მათს მშობლებს თბილისიდან, გურიიდან და წეროვნის დევნილთა დასახლებიდან შეხვდებით. მათი ისტორიები განათლების მიღების სირთულეებს, ტექნიკურ გამოწვევებს, თანადგომისა და მხარდაჭერის შემთხვევეზე გვიყვება. თითოეული გმირის განსაკუთრებული ამბავი, Covid-19 პანდემიის დროს საქართველოში შექმნილ ვითარებას ასახავს.
ბავშვები პანდემიის პირისპირ წეროვანში
ლიზი და მარიამ თხელიძეები მთელი წლის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებს წეროვნის ერთი პატარა სახლის გაყინული ოთახებიდან ერთვებოდნენ. საერთო ოთახი ერთადერთია, რომელიც თბება. ეს სივრცე უფრო მცირეწლოვან და-ძმებს სათამაშოდ ჰქონდათ მოწყობილი.
ბავშვების დედა, სამაჩაბლოდან დევნილი ნათია ხეთაგური, ექვსი თვის ორსული იყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ლიახვის ხეობის სოფელ ზნაურიდან საქართველოს სამხედრო ძალებმა
სამშვიდობო ტერიტორიაზე ტანკით გადმოიყვანეს. მას შემდეგ, ოჯახი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ახლა მარიამი 12 წლისაა.
ორჯერ დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის დისტანციურ სწავლაზე გადასვლა დიდი სტრესი აღმოჩნდა. არ იყო იოლი ინტერნეტთან დაკავშირებული ორი ტექნიკური მოწყობილობის დაორგანიზება და ბავშვებისთვის სამეცადინო სივრცის შექმნა.
ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, ძირითადად, სახელმწიფოსგან დანიშნული სოციალური შემწეობაა, თვეში 450 ლარი. მათი სოციალური სტატუსის მიუხედევად, პანდემიის პერიოდში არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და არც განათლების სამინისტროს ოჯახისთვის დახმარება არ შეუთავაზებია.
ბავშვები პანდემიის პირისპირ თბილისში
13 წლის ანასტასია კალანდაძის სამეცადინო კუთხე მისაღებ ოთახშია მოწყობილი.მერვე კლასის მოსწავლე კვირაში ორ დღეს გაკვეთილებს საკლასო ოთახში, სამს კი – სახლიდან, ონლაინ ესწრება. ამბობს, რომ სახლიდან მეცადინეობა კონცენტრაციას კიდევ უფრო ართულებს.
ანასტასიას ბებია, 66 წლის მარინა ბასილაშვილი უკვე 29 წელია მათემატიკას თბილისის 53-ე სკოლაში ასწავლის. პანდემიის დროს,
გაკვეთილებს საკუთარი სამზარეულოდან, დისტანციურ რეჟიმში ატარებდა. საკლასო დაფის ნაცვლად ლეპტოპში ეკრანის გაზიარების ფუნქციას იყენებდა. მათემატიკის მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ რისკ ჯგუფის მიეკუთნება რამდენიმე ქრონიკული დაავადების გამო, სექტემბრიდან გაკვეთილების ჩატარება , საკლასო ოთახში უწევს. მას არჩევანის შესაძლებლობა არ ჰქონია. დისტანციურად ესწავლებინა თუ საკლასო ოთახებში. გამოცდილი პედაგოგი მიიჩნევს - იმაზე საუბარი, რომ პანდემიის პირობებში სასწავლო წელი შედგა, გაუმართლებელია. ანასტასია კალანდაძის დედა, ჟურნალისტიკის ლექტორი, ელენე კვანჭილაშვილი სტუდენტებს ლექციებს საძინებელში მოწყობილი კუთხიდან უკითხავს. ონლაინ აუდიტორიებში ჩართვა სამივეს ხშირად დღის ერთ მონაკვეთში უწევთ.ცდილობენ, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყონ. “ვიცი, როდის სვამს ტასო კითხვას, და მე ვჩერდები”- გვეუბნება, ელენე.
ბავშვები პანდემიის პირისპირ ჩიბათში
ჩიბათის სკოლის მოსწავლეები ახლა გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ესწრებიან, თუმცა საგაზაფხულო სემესტრი მათაც სრულად დისტანციურად, Teams-ში გაატარეს. ამ პერიოდში განათლებაზე წვდომა აღარ ჰქონდათ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. ისინი ინტერნეტ პაკეტების შეძენას ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს იაფი ინტერნეტი ასეთი
ოჯახებისთვის არ შეუთავაზებია. გურიის სოფელ ჩიბათში, დისტანციური სწავლების დაწყების პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა 70% ონლაინ გაკვეთილებს ინტერნეტის არქონის გამო ვერ ესწრებოდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა, ჩიბათის სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ ბევრი ოჯახში დადგა კითხვის წინაშე “განათლება თუ საკვები?!”. ვიდრე ოფიციალური უწყებები ჩააკითხავდნენ რეგიონს და საჭიროების მქონე მოსწავლეებს შესაბამისად დაეხმარებოდნენ, აფხაზავამ სოციალური კამპანია წამოიწყო - “გეგაბაიტები იების სანაცვლოდ”.მოსწავლეების დახმარებით ყვავილებს ქოთნებში რგავდა და ყიდიდა, მიღებული თანხით კი, 900-მდე მოსწავლეს ყოველთვიურად ინტერნეტ პაკეტებითა და ტექნიკით უზრუნველყოფდა. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რთული აღმოჩნდა მასწავლებლეისთვისაც.
პანდემიამდე, სასკოლო განათლებასთან ერთად, არაერთ აქტიობაში იყო ჩართული 15 წლის ბაჩუკი გუგულაძეც, ჩიბათის სკოლის მეათე კლასელი. თუმცა, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. თუკი, მანამდე გაკვეთილზე მასწავლებლის მონაყოლიდან შეეძლო მასალის დამახსოვრება, დღეს ამისთვის გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება და უმეტეს შემთხვევაში აღქმა რთულდება, განსაკუთრებით როდესაც საქმე ტექნიკურ საგნებს ეხება.